23-25 თებერვალს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი CONNECT2022 გაიმართება. რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანიისა და 280 ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ, სადაც მათ ერთობლივი სტენდი ექნებათ სხვადასხვა საპრომოციო მასალებით და საქართველოს შესახებ გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალით.
დელეგაციას ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 30 ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.
“მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ჩვენ ყოველწლიურად უწყვეტად ვმონაწილეობთ მსგავს ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგება ერთობლივი სტენდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გვექნება პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ”,- აცხადებს თამარ არჩუაძე.
CONNECT – მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.