x

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდას დადებითად აფასებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. სულ გადაყვანილია 2 189 558 მგზავრი.

„მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად რეკორდული რაოდენობის – ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ მაჩვენებლით სახეზე გვაქვს 13%-იანი ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობასთან მიმართებაში. ამასთან, მგზავრების რაოდენობა 51%-ით აღემატება 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მიერ ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 2019 წელი კი კოვიდ პანდემიამდე ყველაზე მზარდი დინამიკით გამოირჩეოდა ავიაციის სფეროში.“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. „იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე მეტი სამგზავრო და სატვირთო ავიარეისი შესრულდა. მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთნაკადის მუდმივი ზრდის პარალელურად, პოზიტიური დინამიკა გვაქვს სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-აპრილში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 600 ტონამდე შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.“ – განაცხადა გივი დავითაშვილმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს. უწყების ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454 მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი).