ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, საქართველომ საჰაერო სივრცე სირიის ორ ავიაკომპანიას დაუხურა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. როგორც გამოცემასთან შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო აღიარებას უკავშირდება და საჰაერო სივრცე სირიის ყველა ავიახაზისთვის დახურული იქნება.
Reuters წერს, რომ Syrian Arab Airlines-ს ქვეყნის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ავიაკომპანია Cham Wings-მა კი გამოცემას აცნობა, რომ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გაუგზავნიან.
ამ მოვლენებამდე, Reuters-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, რუსეთი კერძო მებრძოლების სირიაში გადასაყვანად იყენებს არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო თვითმფრინავებს. ეს მებრძოლები ბაშარ ალ ასადს ეხმარებიან სირიაში ამბოხებულებთან ბრძოლაში.
სტატიის თანახმად, თვითმფრინავები ძირითადად როსტოვიდან დაფრინავენ და საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ, რადგან თურქეთი სირიის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაზე უარს ამბობდა.
წყარო: “ნეტგაზეთი”