საქართველომ მალე, შესაძლოა, საავიაციო ფორუმს AeroLinks-ს უმასპინძლოს. აღნიშნული ფორუმის დაფუძნებისა და შექმნის იდეა ახლად შექმნილ საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ს აქვს. Aero Georgia Group-ის დირექტორი იგორ აფციაური აცხადებს, რომ AeroLinks-ი საერთაშორისო მასშტაბის იქნება. საწყის ეტაპზე ფორუმი 2 წელში ერთხელ ჩატარდება, ხოლო შემდეგ ყოველწლიური გახდება. პირველ საავიაციო ფორუმ AeroLinks-ს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ ქუთაისი და ბათუმი.
“გვინდა გავაკეთოთ საქართველოში საავიაციო ფორუმი, რომელიც თავიდან, შესაძლოა, დიდი მასშტაბით არ იყოს, მაგრამ გვინდა, რომ AeroLinks-ი თანდათან უფრო მასშტაბური გახდეს.
ამისათვის კი დიდი მუშაობაა საჭირო, რათა ამ სფეროში მოღვაწე ყველა მოთამაშე დავაინტერესოთ. ვმსჯელობთ იმაზეც, რომ ფორუმს რეგიონალური დატვირთვაც მივცეთ.
საავიაციო ფორუმი AeroLinks-ი უნდა გახდეს სისტემატიური, თორემ ერთჯერადად ასეთი ფორუმის ჩატარება სიძნელეს არ წარმოადგენს.
საწყის ეტაპზე ფორუმი, სავარაუდოდ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, თუმცა, სამომავლოდ ის ყოველწლიური გახდება. ავიაციის სფერო საქართველოში დინამიურად ვითარდება, კი საქართველოში ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორუმი ტარდება, მაგრამ ჩვენ გვინდა იყოს ისეთი ფორუმიც, რომელიც მხოლოდ ავიაციას მიეძღვნება”, – განმარტავს იგორ აფციაური.