ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი NOTAM-ი უკვე გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება მოხდება არა 11 მაისიდან არამედ 23 მაისიდან. ცხადია სააგენტოს მიერ 22 მაისის ჩათვლით დადგენილი თარიღი არის ამ დროისთვის განსაზღვრული ვადა და ის შესაძლოა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალოს.
აღნიშნული NOTAM-ის გამოცემა, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მას შემდეგ დასჭირდა, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გამოაცხადა.
“რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით (22.05.20).
ახალი NOTAM-ები (Notice to Airmen) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (აქტიურია 21.04.20-დან)”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემულ NOTAM-ში.
NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.