„ბრექსიტის“ ამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთახმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიკაცია. ახლა იგივეს ველოდებით ბრიტანეთის მხრიდან. ვფიქრობთ, დაახლოებით 1 თვის ვადაში რატიფიკაცია მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პროცესის დროულად დასრულებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის“, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე აწარმოებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.