დღეს ჩვენ გვექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტის ამოვიღებთ NOTAM-ის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიკომპანიებთან, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფ დროში.
„ვიდრე ეს მოხდება და შემდგომაც ეს გაგრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოელი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც პირობები მოქალაქეების მგზავრობის, ასევე ამ უსაფრთხო ქვეყნების სიის, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა გლობალურად პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.
თუმცა საბოლოოდ საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.