პირველად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა.
2 დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე კომპანია იყო წარდგენილი.
New York Travel and Adventure Show-ის წელს 25 000-მდე სტუმარი ჰყავდა, გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.