საქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტ შოუ გაიმართა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტელემედია ინდუსტრიისა და გასართობი შოუების, ასევე სატელევიზიო სერიალებისა და კინოს მწარმოებლებს, სტუდებსა და კომპანიებს მოუყარა თავი.
კონტენტ შოუს მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, ხარისხიანი კონტენტის შექმნას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებაში მონაწილეობენ სატელევიზიო და ციფრული მედიის წარმომადგენლები , პროდიუსერები, დისტრიბუტორები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები, კონფერენციები და მარკეტ სქრინინგები გაიმართება.
საერთაშორისო კონტენტ შოუ, რომელიც წინანდალში “რედისონ ქოლექშენში” გაიმართა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გახსნა. მისი თქმით, მსგავსი სახის მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებას, რაც დამატებითი სარგებელია მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის.
კონტენტ შოუს მიზანია საფუძველი ჩაუყაროს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, გაყიდვას და ამით ხელი შეუწყოს ხარისხიანი კონტენტის შექმნას. ასევე ამ მხრივ, მეკობრეობის პრობლემის დაძლევას. ამასთან, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მონაწილეებმა გაცვალონ მოსაზრებები უახლოესი ციფრული ტრენდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიება პირველად ტარდება რეგიონის მასშტაბითაც.
საერთაშორისო კონტენტ შოუს მონაწილეებს შესალებლობა აქვთ ექსკლუზიურად გაეცნონ ისეთი მსხვილი სტუდიების ციფრულ კონტენტს, როგორებიცაა Paramount Global Content Distributions, New Regency, Sony Pictures Entertainment და სხვა.
შოუს ფარგლებში ასევე მოეწყო პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური კონტენტის გამოწვევები , კონტენტის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე კონტემტში. უახლესი მედიატრენდები, ინოვაციური ფინანსური მოდელები და ახალი მედიატექნოლოგიები.
პანელურ დისკუსიებს უძღვებოდნენ ისეთი ცნობილი სპიკერები, როგორებიც არიან ამერიკელი პროდიუსერი ბილ დაიმონდი, მედია ბიზნეს განვითარების ექსპერტი ტოდ ბარაში, ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანი და სხვა.
—