საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფრეიზერის ინსტიტუტის რეიტინგის მაჩვენებელი არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, ფრეიზერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს შემაჯამებელ რეიტინგს ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსით. წელს ამ რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის. მე-9 პოზიციიდან საქართველოს გადასვლა მე-7 პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებსაც დღეს ვატარებთ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, რადგან აღნიშნული რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არა მარტო სტაბილურად ინარჩუნებს მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას, არამედ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ შედეგებს.
„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.