„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.
6 მარტს ITB Berlin გამოფენის გახსნამდე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
6 მარტს გამოფენის გალა გახსნის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.
ITB Berlin-ის ოფიციალურად 7 მარტს საქართველოს სტენდთან გაიხსნება. ლენტის გაჭრის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინის მერი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ITB Berlin-ის გამოფენის აღმასრულებელი დირექტორი.
7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას ეთმობა. მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიებები. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი და კალიგრაფიული ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა- ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
7 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. მარიამ ქვრივიშვილი აუდიტორიას გააცნობს ტურისტულ პროდუქტებს, შეთავაზებებს, ახალ ინიციატივებსა და რეგულაციებს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“ უმასპინძლებს. ღონისძიების სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
1966 წლიდან ITB Berlin მსოფლიოს მოწინავე ტურისტული სავაჭრო გამოფენაა.
2019 წელს ITB Berlin-ზე 181 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას აშუქებდა მედიის 5000-მდე წარმომადგენელი.