დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავონ ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისაგან.
მანამდე მსგავსი ტიპის მოწოდებით NCDC ჩინეთში მოგზაურობაზე გამოვიდა.
გამყრელიძის თქმით, ასეთივე ტიპის რეკომენდაციებს გამოსცემს ამერიკისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები. ჩინეთზე გაფრთხილების მე-3 და ყველაზე მაღალი დონეა გამოცემული, ხოლო იაპონიასაა და სამხრეთ კორეაში – მე-2. მისივე თქმით, გაფრთხილება განსაკუთრებით ეხებათ ხანში შესულ და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს. გამყრელიძის თქმით, თუ მაინც აღმოვჩნდებით ამ ქვეყნებში, თავი უნდა შევიკავოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან.
როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააუქმა ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენები და გამყრელიძის თქმით, განიხილება ანალოგიური შეზღუდვის იტალიაზე გავრცელებაც. NCDC-ის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით თითოეული გადაწყვეტილება კომპლექსურად და დაკვირვებით მიიღება. უწყების განმარტებით, იტალიის შემთხვევაშის სახეზეა ქვეყნის გახსნილობა და მაღალი სანდოობის პრევენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გავრცელებულ რეგიონში მაღალი ვარაუდით ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდება.
წყარო: https://netgazeti.ge/