საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 59 -ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.
,,ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია რეგიონში.“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. მან ასევე დასძინა, რომ ,,საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს და მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა საფუძველს ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის. იმედი გვაქვს, საქართველო უკვე შემდეგ წელს ტოპ 50 ქვეყანაში შევა და რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვედრას. აღნიშნულ რეიტინგში წინსვლა ნიშნავს საქართველოსადმი უცხო ქვეყნის ინვესტორების ინტერესის მნიშვნელოვან ზრდას და იწვევს საერთაშორისო ენჯელ და ვენჩურ ინვესტორების შემოსვლას საქართველოში.“
ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.
თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება:
1. ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;
2. ადამიანური კაპიტალი და კვლევა;
3. ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა);
4. ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა);
5. ბიზნესის განვითარება (business sophistication) (რამდენად უწყობენ კომპანიები ხელს ინოვაციებს);
6. ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება (knowledge and technology outputs) (ცოდნისა და ტექნოლოგიის როლი გამოგონებებისა და ინოვაციების შექმნაში);
7. შემოქმედებითი წარმოება (creative outputs) (აფასებს შემოქმედებითობის როლს ინოვაციებში).