საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველოს მიღწეული წარმატების შესახებ საუბრობს შეფი გურამ ბაღდოშვილი.
„საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და აღმოჩნდა მასპინძელი National Geographic Traveller Food Fest-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა პავილიონში ბევრი სხვადასხვა საინტერესო ქვეყანა თუ ობიექტი იყო წარდგენილი, ინგლისში მასპინძლები ვიყავით ჩვენ – ქართველები. ასე გამოდის საქართველოს პავილიონზე მოსული ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე. ეს ცომი, ყველი, ხორცი, ნიგოზი და მცენარეული ნაზავი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს ახლო მომავალში. პირდაპირი ფრენები ლონდონი-თბილისი თუ დაინიშნება, ვფიქრობ დაინტერესება საქართველოს მიმართ კიდევ უფრო დიდი იქნება. ვისაც უნდა ნამდვილად იმოგზაუროს და გაეცნოს ავთენტურ ქვეყნებს, საქართველო სთავაზობს ამას ყველა ტურისტს, მთელ მსოფლიოს. ჩვენ არასდროს ვირცხვენთ ჩვენი ქმედებებით თავს და ვართ ნამდვილად მასპინძლები და ინგლისშიც ვანახეთ როგორი მასპინძელი ქვეყანა ვართ“,-განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.