დღეს 7 დეკემბერს საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღინიშნებოდა 1994 წლის 7 დეკემბრიდან, სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მიღების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით. 

საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ავიაციის თითქმის 30 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ საკმაოდ რთული გზა განვლო. თუმცა მიუხედავად არსებული სირთულეებისა დღეს საქართველო ავიაციის სექტორში ყველაზე მაღალ სტანდარტს იცავს.

“მინდა ყველას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მივულოცო. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველას ვინც პირდაპირ ან ირიბადაა დაკავშირებული ავიაციასთან, ამ საქმეშია ჩართული, ან უბრალოდ უყვარს ეს სფერო. 

საქართველოს დამოუკიდებელი ავიაციის დაახლოებით 30 წლიანი ისტორია აქვს. ვგულისხმობ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ისტორიულად თუ განვიხილავთ საავიაციო დარგში ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი გვყავდა. პირველი ქართველი მფრინავი, რომელმაც საფრანგეთის საავიაციო დეპარტამენტიდან ლიცენზია აიღო იყო ბესარიონ ქებურია. ქებურიას მერე საკმაოდ ბევრი გამოჩენილი ადამიანი გვყავს და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. 

ისტორიული ფიგურაა ასევე ალექსანდრე ქართველი, ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელიც აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი იყო. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

ქართული ავიაციისთვის ასევე მნიშვნელოვანი თარიღია 1994 წელი, რომ საქართველო ICAO-ს წევრი გახდა.

მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა გამოყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს. ეს არის 2005 წელი, როდესაც ქვეყანამ ოფიციალურ დონეზე მიიღო ლიბერალური საავიაციო პოლიტიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე გამოვყოფდი 2010 წელს, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა შემდეგ იყო ასოცირების ხელშეკრულება, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ტრანსპორტის და უშუალოდ ავიაციის სფერო. 

გასულ წელს, ანუ 2020 წელს ძალაში შევიდა ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულება, თუმცა ხელმოწერის დროიდან ანუ 2010 წლიდან მოყოლებული ბევრი რეფორმა გატარდა, რეგულაცია დაინერგა და ბევრი წინსვლა გვქონდა. ჩვენი ავიაკომპანიები სრულად იყენებდნენ ამ ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა რომ ის ბოლომდე ძალაში შესული არ იყო და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას არ ჰქონდა რატიფიცირებული.

ქართული ავიაკომპანიები თავისუფლად იყენებდნენ ევროპის ბაზარს და ევროპული ავიაკომპანიებიც თავისუფლად იყენებდნენ ქართულ ავიაბაზარს. რაც ძალიან მისასალმებელია. ის შედეგი რაც გაქვს, პანდემიამდე ყოველ წელს, 10-15%-ით იზრდებოდა ფრენების რაოდენობა, ავიაკომპანიების რაოდენობა და . ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ფაქტორი, რამაც ამ ზრდას ხელი შეუწყო იყო ხელშეკრულება, რომელიც ძალიან ბევრ რამეს მოიცავდა.

საქართველოში ავიაცია ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო, რომ შევადაროთ მთლიანად ტრანსპორტის სექტორს. თუ არ ვცდები დღეს ევრორეგულაციების 80%-ზე მეტი უკვე დანერგილია ჩვენს კანონმდებლობაში და მანამდეც ვიდრე ხელშეკრულება ამოქმედდებოდა ბევრი რეგულაციის დანერგვა მოხდა რაც გარანტიას იძლევა იმისას, რომ საქართველოში ავიაცია ყველაზე განვითარებული დარგია, ფრენების უშიშროება და უსაფრთხოება არის უმაღლეს დონეზე დაცული. ICAO წევრს ქვეყნებს სთავაზობს და კარნახობს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა დაიცვას. ევროკავშირს და EASA-ს კი ეს წესები და რეკომენდაციები კიდევ უფრო გამკაცრებული აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ავიაციის სექტორში იცავს ყველაზე მაღალ სტანდარტს. ის რეგულაციები, რომელიც დანერგილი გვაქვს არს მნიშვნელოვანი და არის გარანტია, რომ ქვეყანაში იქნება თანაბარი პირობები ყველასთვის, ყველა მოთამაშისთვის როგორც ქართული ისე უცხოური ავიაკომპანიებისთვის. და ის უპირატესობები რასაც ჩვენ ვიღებთ თანაბრად ნაწილდება ყველა კომპანიაზე ეს იქნება ადგილობრივი თუ უცხოური. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა და თუ ყველა მხარის მიერ მოხდება წესების დაცვა დარგი კიდევ უფრო განვითარდება”, განაცხადა საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა.