კიდევ ერთი ქართველის მაღალი თანამდებობა EUROCONTROL-ში. შპს “საქაერონავიგაციის” ეკონომიკური სამსახურის უფროსი თეონა ერქომაიშვილი EUROCONTROL -ის გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 2 წლის ვადით აირჩეს. ​EUROCONTROL-ის გაფართოებული კომიტეტი სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სისტემის ოპერირების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების 2022 წლის მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთები, რომელიც დასამტკიცებლად გადაეცა მმართველ საბჭოსა და გაფართოებულ კომისიას.

დაკავებულ თანამდებობაზე გასული ორი წლის მანძილზე გაწეული სამუშაო უკავშირდება საავიაციო ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს. გლობალური ეპიდემიის, შეზღუდვებისა და საჰაერო მოძრაობის მკვეთრი შემცირების შედეგად, ინდუსტრია მწვავე ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. გასული ორი წლის მანძილზე EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებისა და სააერნაოსნო მომსახურების გამწევ ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, გაფართოებული კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა მრავალი რთული გადაწყვეტილება, რაც მოიაზრებდა სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების აკრეფის ვადის გადაწევას, ავიაკომპანიებისთვის ფინანსურად ხელის შეწყობას, სხვადასხვა ქვეყნის სააერნაოსნო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. მარშრუტზე მოძრაობის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა ცენტრალური ოფისის დირექტორის (CRCO) განცხადებით, გადაწყვეტილებები უპრეცენდენტო სირთულეების პირობებში იქნა მიღებული.

გაფართოებული კომიტეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში გეგმავს, რომ ყურადღება დაუთმოს წევრი ქვეყნების სააერნაოსნო მომსახურების გამწევი ორგანიზაციების და ერთიან მარშრუტზე გადაადგილების სისტემის ფინანსურ სტაბილიზაციას, აღდგენას და ფინანსური დაგეგმარების გაუმჯობესებას. კომიტეტი მიზნად ისახავს იზრუნოს ფორს მაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დახვეწაზე და მათი წევრი ქვეყნების ინტერესებზე მორგებაზე.

თეონა ერქომაიშვილმა, რომელიც ასევე მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა, გააკეთა მოხსენება სამუშაო ჯგუფის 62-ე სესიის შესახებ რომელიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში კონფიდენციალური შეხვედრის ფორმატით შედგა. მან გაფართოებული კომიტეტის წევრებს შეხვედრის დახურულ ნაწილში წარუდგინა მოხსენება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ. მან გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტის მხარდაჭერით, აღნიშნა, რომ მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალს EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების წინადადებების გათვალისწინებით, 2022 წლის დასაწყისში წარადგენს.

https://avianews.ge/levan-karanadze-eurocontrol-is-mmarthveli-sabtchos-vitse-prezidentad-meore-vadith-airchies/