საქაერონავიგაციაში ავიამეთვალყურეების შერჩევის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა.
შერჩეული კანდიდატები, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ინგლისურის გამოცდა, ამჟამად EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებულ ავიამეთვალყურეთა შერჩევის სპეციალურ ტესტს – FEAST-ის ორეტაპიან გამოცდებს აბარებენ. ავიამეთვალყურეების შესარჩევი ტესტი (FEAST) აფასებს იმ უნარებს და შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად.
ტესტირების ადმინისტრირებას და მისი შედეგების გამოვლენას, მთლიანად ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფინეთის საავიაციო სასწავლებელი უზრუნველყოფს.
აღნიშნული ეტაპების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას და სამედიცინო შემოწმებას. შეირჩევა 17 კანდიდატი, რომლებიც ახალ პროფესიას ფინეთში დაეუფლებიან.