საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი დაასრულა და ასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვა.
პროექტის განხორციელების შედეგად თბილისის აეროპორტის 13R/31L ასაფრენ-დასაფრენი ზოლის 13R (მარჯვენა) კურსზე გაიზრდება ქალაქის მხრიდან საჰაერო ხომალდების დაჯდომის უსაფრთხოება ცუდი მეტეოპირობების და შეზღუდული ხილვადობის დროს.
„ჩვენ არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 900 მ-ის მანძილზე დავამონტაჟეთ სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძები და ახალი ტექნოლოგიის LED ტიპის სანათები, რაც უზრუნველყოფს მომფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებას რთული მეტეო პირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიახლოების სანათების ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO- ს სტანდარტებთან. აღნიშნული პროექტის დასრულება გახდა საფუძველი იმისა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსიდან ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, პირველი კატეგორია მიენიჭოს,“ – განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
13R კურსი საქაერონავიგაციის მიერ აგრეთვე აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სანავიგაციო სისტემებით, რაც ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
მიახლოების სისტემის პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI” – იმ შეასრულა, სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები კი იტალიური კომპანია „OCEM”-მა განახორციელა.
მთავარი აეროპორტები „საქაერონავიგაციამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი დაასრულა