შპს „საქაერონავიგაციამ“ ნორვეგიულ კომპანია ACAMS AS – სთან თანამშრომლობით წარმატებით დაასრულა პროექტი, რომელიც საქართველოს 3 საერთაშორისო აეროპორტის მეტეოროლოგიური და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურების უფრო მეტად გაძლიერებას და თანამედროვე სისტემებით (ATIS/D-ATIS და VOLMET/D-VOLMET) აღჭურვას ითვალისწინებდა.
მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აეროპორტებში უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მეტეოროლოგიური და სხვა ოპერატიული ინფორმაციის გავრცელება ეთერში ATIS სისტემის რადიოსადგურების მეშვეობით ხდება და საფრენოსნო ხომალდების ეკიპაჟები ოპერატიულად იღებენ აფრენა/დაფრენისთვის აუცილებელ ყველა ინფორმაციას.
VOLMET-ის სისტემის საშუალებით საფრენოსნო საინფორმაციო რეგიონის მასშტაბით მოხდება სატრასო, როგორც ფაქტიური, ასევე პროგნოსტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება სპეციალურად გამოყოფილ რადიოსიხშირეზე, რადგან ჰაერში მყოფმა საფრენოსნო ეკიპაჟმა დროულად მიიღოს ინფორმაცია აეროდრომებზე (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მოსალოდნელი ამინდის შესახებ და მის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება – დაფრენის ან სარეზერვო აეროდრომზე გაფრენის შესახებ. მომავალში VOLMET-ის ინფორმაციას დაემატება მეზობელი სახელმწიფოების სასომხეთის და აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტების ფაქტიური და პროგნოსტიკული ამინდების გადაცემა, რაც VOLMET-ის სისტემას რეგიონალურ მნიშვნელობას მიანიჭებს.
„დღეს, როდესაც ავიაციის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და უსაფრთხოების სტანდარტები კიდევ უფრო მაღლა იწევს, აუცილებელია იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრენების უსაფრთხო და ეფექტურ მართვას. ATIS/D-ATIS და VOLMET/D-VOLMET სისტემების დანერგვა მეტეოროლოგიური და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ეს ტექნოლოგიები არა მხოლოდ უსაფრთხოებას და ოპერაციულ ეფექტურობას აუმჯობესებს, არამედ ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დაცვასაც უზრუნველყოფს და ამავდროულად, გვაძლევს საშუალებას, ინფრასტრუქტურა უფრო კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო გავხადოთ“, – განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
„ჩვენ მადლობას ვუხდით საქაერონავიგაციის მთელ გუნდს თანამშრომლობისთვის და მოხარულნი ვართ, რომ მომავალ წლებშიც შევძლებთ საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერას. გვეამაყება, რომ საქაერონავიგაცია ჩვენი სისტემებით განაგრძობს უსაფრთხოების, ეფექტურობის და გრძელვადიანი საიმედოობის უზრუნველყოფას. ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული სისტემის მეშვეობით ვრცელდება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეუფერხებელი სააერნაოსნო ოპერაციების უზრუნველსაყოფად მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა ACAMS -ის გენერალურმა დირექტორმა ლეივ კრეიბერგმა.