საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და სომხეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციის Armats გენერალურმა დირექტორმა ვარდან ჩილინგარიანმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ დელეგაციის სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონული საავიაციო კოორდინაციის გაუმჯობესებას, ავიამიმოსვლის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარებას.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებთან, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ეფექტური საჰაერო სივრცე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ სომხეთის მხარესთან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მემორანდუმი მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – აღნიშნა გოჩა მეზვრიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს სომხეთის საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთა მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის საჰაერო ნავიგაციის და საავიაციო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ასევე, დაესწრნენ ევროკონტროლის (EUROCONTROL) ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ვორქშოპს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, თურქეთის და ბულგარეთის საჰაერო ნავიგაციის უწყებებმა.