23-24 ივნისს ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის – EUROCONTROL-ის გაფართოებული კომიტეტის 116-ე სხდომა ონლაინ გაიმართა.

შეხვედრას EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების, IATA -ს და EUROCONTROL-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს შპს „საქაერონავიგაციის“ ფინანსური საკითხების მართვის მენეჯერმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ანალიზისა და პროგნოზის განყოფილების უფროსმა რევაზ ოდიაშვილმა, შემოსავლების აღრიცხვისა და კონტროლის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ვიოლეტა თორაძემ და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა თეონა ერქომაიშვილმა, რომელიც ამავდროულად EUROCONTROL-ის გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია.EUROCONTROL-ის გაფართოებული კომიტეტი სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სისტემის ოპერირების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

სხდომაზე წარმოდგენილ იქნა EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების პირველადი 2022 წლის მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთები, რომელთა გადახედვა და დამტკიცება მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდება. კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე და უპასუხა IATA -ს შეკითხვებს.სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგნოზები და მარშრუტზე მოძრაობის საფასურთა ერთიანი სისტემის წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევები.

სხდომის მონაწილეებმა მოუსმინეს მარშრუტზე მოძრაობის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა ცენტრალური ოფისის დირექტორის (CRCO) მოხსენებას მიმდინარე კრიზისის, სისტემის ფუნქციონირების, დარიცხული, ავიაკომპანიებისთვის გადავადებული და მოკრებილი სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების შესახებ.თეონა ერქომაიშვილმა, რომელიც ასევე მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა, გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტის მხარდაჭერით, შეახსენა EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფი მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალში EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების წინადადებებს გაითვალისწინებს.

თეონა ერქომაიშვილმა გაფართოებული კომიტეტის წევრებს EUROCONTROL-თან შეთანხმებით შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მომდევნო, 62-ე სესია არსებული ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით 2021 წლის 7 ოქტომბერს ბრიუსელში ჩატარდეს.