საფრანგეთი, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, შობის წინ ღამის კლუბებს ხურავს და სოციალური დისტანცირების წესებს ამკაცრებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის პარასკევიდან ღამის კლუბები ოთხი კვირით დაიხურება. ამასთან, მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, ნებაყოფლობით შეზღუდონ კერძო და პროფესიული შეკრებები. 15 დეკემბრიდან 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ვაქცინაციის საშუალება მიეცემათ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ამ ეტაპზე „ლოქდაუნის“ ან „კომენდანტის საათის“ დაწესების საჭიროება არ არსებობს.
მისი თქმით, საფრანგეთში ვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა ძლიერდება, თუმცა, იმის გამო, რომ მოსახლეობის თითქმის 90 %-ი ვაქცინირებულია, მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა ტალღების დროს იყო.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 21 სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებული ადამიანების მიერ იმპორტირებული შემთხვევაა, დანარჩენი კი – ადგილობრივი გავრცელების შედეგი.
წყარო: IPN.ge