საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ბათუმში მიმდინარე საპატიო კონსულების კონფერენცია 2023-ში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებს, ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსული მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს დაეთმო.