ევროკავშირმა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები მიიღო, რაც პრაქტიკულად რუსულ ავიაკომპანიებს ევროპული თვითმფრინავების გამოყენების შესაძლებლობას ართმევს. რუსეთისთვის იკრძალება თვითმფრინავის მიწოდება, ასევე ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა, ხოლო ძველი კონტრაქტით უკვე იჯარით აღებული საჰაერო ხომალდები მეიჯარეს უნდა დაუბრუნდეს ერთი თვის განმავლობაში.

ექსპერტების განმარტებით, რემონტისა და დაზღვევის აკრძალვა დაბლოკავს იმ თვითმფრინავებსაც კი, რომლებსაც ავიაკომპანიების მფლობელობაშია. სავარაუდოდ მსგავს შეზღუდვებს დააწესებს აშშ-ც, მაშინ რუსეთის ბაზარმა შეიძლება სამოქალაქო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი დაკარგოს. შესაძლებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს აეკრძალოს მეიჯარეებისთვის თვითმფრინავების დაბრუნება, მაგრამ ასეთი კონფისკაცია შეწყვეტს შემდგომ ურთიერთობას.

რუსული მედია წერს, რომ ამ დროისათვის რუსული ავიაკომპანიების მფლობელობაშია 322 ერთეული Airbus-ის ლაინერები, რომლებიც უზრუნველყოფდა არსებული მგზავრთნაკადის 40%-ის მომსახურებას. დაანონსებული სანქციები კი ფაქტობრივად ართმევს გადამზიდველებს ამ ფლოტის ექსპლუატაციის შესაძლებლობას

მსოფლიოს ორი უმსხვილესი სამოქალაქო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიიდან, ერთი – Airbus-ი ევროკავშირშია.

“კომპანია გეგმავს იმოქმედოს სანქციების და კანონების შესაბამისად, როგორც კი ისინი მიიღება“, – აცხადებს რუსეთში Airbus-ის ოფიციალური წარმომადგენელი იულია პრონინა.

როსავიაციის” მონაცემებით კი 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებისთვის რუსული ავიაკომპანიები იყენებენ Airbus-ის მიერ წარმოებულ 322 თვითმფრინავს. ევროპულ თვითმფრინავებს უმეტესწილად იყენებენ: Aeroflot-ი, S7 და Ural Airlines-ი.

Aeroflot-ის ავიაპარკი 117 ერთეულ Airbus-ის საჰაერო ხომალდს აერთიანებს, S7 კი 66 ერთეულ Airbus-ს. ​Ural Airlines-ის ავიაპარკში კი 54 ერთეული ევროპული წარმოების ლაინერია.