საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი თავმჯდომარეობდა, განხილულ იქნა საჰაერო სივრცის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის მიმდინარე და აქტუალური საკითხები. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციის“, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტას” და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენლები.

სხდომაზე მხარეებმა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის, მისი ათვისების და გადანაწილების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ფრენების უსაფრთხოების, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწის, ასევე საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხებზე, მათ შორის ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდების გაშვება, სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების წარმოება, პარაპლანებით სპორტული ფრენების განხორციელება და ა.შ.

„საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სამოქალაქო გადაყვანა-გადაზიდვების გათვალისწინებით. ამასთან, მატულობს საჰაერო სივრცის გამოყენება სხვა დანიშნულებითა და მიზნებით, რაც საჰაერო სივრცის ოპტიმალურ დაგეგმარებას, უწყებებს შორის კოორდინაციას და რისკების დეტალურ და ყოველმხრივი შეფასებას საჭიროებს. სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი აქტიურად ახორციელებს საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით, ამასთან გრძელდება მუშაობა საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში საერთაშორისო მოთხოვნების ასახვაზე.“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.