საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ჩხარტიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე დამტკიცებულ სტრუქტურული ცვლილების გადახედვას სთხოვს, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ერთ საკურატოროში ერთიანდება.

ახალი სტრუქტურული ცვლილების მიხედვით, ავიაციის სფერო აღარ შედის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის საკურატოროში, რომელიც ტრანსპორტის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ავიაცია, ტურიზმი და კურორტები ამიერიდან მინისტრის ახალი მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის საკურატოროა, რომელსაც ამ დარგებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

ზვიად ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ტურიზმის საკურატოროში გადატანა სერიოზული შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

“სამოქალაქო ავიაცია არ არის მხოლოდ ტურისტული მიზნით ავიაბილეთის რეალიზაცია!

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ამოცანებია: საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა, ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვა, მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, საავიაციო ბაზრის, აეროპორტების და საჰაერო მოძრაობის მართვის ქსელების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ამასთან, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს “ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი“ რომელიც შედის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საკურატოროში.

აღნიშნულ საკურატოროში შედიოდა აგრეთვე ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა სსიპ: სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის, ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოები და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადატანა ტურიზმის საკურატოროში არის სერიოზული შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და შედიოდეს ერთ საკურატოროში.

P.S. 1-ლი ივნისიდან უცხოელი ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია ბათუმის პორტში შემოვიდეს საკრუიზო გემი. შესაბამისად, არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული სახმელეთო ტრანსპორტის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოები გადავიდეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკურატოროში”, წერს სოციალურ ქსელში ზვიად ჩხარტიშვილი.