საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ინგა ჟღენტი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალურ ოფისში კონსულტანტად მიიწვიეს. ICAO-ს პარიზის ბიუროში სააგენტოს სპეციალისტი 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. ინგა ჟღენტს საავიაციო უშიშროებისა და ფორმალობების გამარტივების რეგონალურ ოფიცერთან ამავე საკითხებზე კოორდინირებული მუშაობა, ევროპის რეგიონის საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრების საქმიანობის კოორდინირება და შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება დაევალება.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა თანამშრომლების მიღწევები და წარმატებები საერთაშორისო დონეზე.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი / უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების განსაზღვრის პროგრამის (SAFA) ინსპექტორი როსტომ მასურაშვილი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში (EASA) მიიწვიეს სამუშაოდ. სააგენტოს სპეციალისტები ჩართულნი არიან საერთაშორისო აუდიტორულ ჯუფებში, ICAO-ს, EASA-ს, EUROCONTROL-ის სამუშაო და მმართველი ჯგუფების საქმიანობაში.