სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  (GCAA) ყაზახეთის რესპუბლიკის საავიაციო ადმინისტრაციისა და ასტანის საერთაშორისო აეროპორტის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის მიზანს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის საკითხებში საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების რეგულირებასთან დაკავშირებულ ჩარჩო დოკუმენტებს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ დაცვის ღონისძიებებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობას მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებისა და მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის მიმართულებით, ასევე შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების პროცესსა და სხვა დაკავშირებულ პროცედურებს.
სააგენტოს ორგანიზებით, ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის მსვლელობისას, სამუშაო შეხვედრა შედგა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლებთან. სტუმრებმა ასევე მოინახულეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი, სატვირთო ტერმინალები და ბორტკვების ობიექტი. დელეგაცია ადგილზე გაეცნო სამოქალაქო ავიაციის უწყვეტი და გამართული ფუნქციონირებისათვის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში გატარებულ ღონისძიებებს.
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ხორციელდება. აღნიშნულს ადასტურებს ქვეყანაში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო აუდიტი.

2024 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებული ბოლო აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის მდგრადობის ინდიკატორმა 89.75%-ი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია ევროპის რეგიონში.