7 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს, საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების დეკანებსა და სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობების განხილვა და მათთვის სააგენტოში სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვა წარმოადგენდა.

სააგენტოს ინიციატივით, სასწავლო დაწესებულების მიერ წარდგენილი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე შვიდი სტუდენტი უწყებაში ერთვიან პროფესიულ პრაქტიკას მარტიდან გაივლის.

7 დეკემბერს გამართული შეხვედრის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე შერჩეული კანდიდატების წინაშე ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა და სტუდენტებს როგორც სააგენტოს საქმიანობაზე, ისე საავიაციო დარგის განვითარების გლობალურ ტენდენციებზე, საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე სიახლეებზე, ძირითად მიღწევებზე და გამოწვევებზე ესაუბრა. საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა სააგენტოს ჩართულობა სასწავლო დაწესებულების სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში.

აღინიშნა, რომ საავიაციო ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია მომავალი ავიასპეციალისტებისთვის.