ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.
“სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი”, რომელიც სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.
✔ წესის ძალაში შესვლის შემდგომ, სააგენტო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების, მათ შორის შპს „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას განახორციელებს (სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მოქმედი სერტიფიკატი საქაერონავიგაციაზე 2008 წელს გაიცა, 2010 წლიდან კი აღნიშნულ უფლებამოსილებას მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელების უფლება დაემატა). „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხს და ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.
✔ ამავე დროს, ნორმატიულ აქტს შემოაქვს „არაკომპლექსური საწარმოს“ ცნება და შესაბამისი საორგანიზაციო და ტექნიკური მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს, რომელიც რეგულარულად ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან, საჰაერო სივრცის ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას – 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ და რომლის წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს, სერტიფიცირების გავლის შემდეგ მიენიჭება სააერნასონო მომსახურების საწარმოს სტატუსი და დაეკისრება თანაბარზომიერი ვალდებულებები.
➡ წესის ამოქმედებამდე, სააგენტო მართავს შეხვედრებს და კონსულტაციებს სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია სერტიფიცირების ახალ პროცესთან და მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
✔ 373/2017 რეგულაციის დანერგვით, საქართველო შეასრულებს ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის არაერთი რეგულაცია უკვე დანერგა და აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.