„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპული რეგულაციების მიხედვით შეიმუშავა, ავიასამედიცინო ექსპერტის პირველი სერტიფიკატები გაიცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექიმ-ინსპექტორის (ავიასამედიცინო შემფასებელი) მიერ, ახალი სტანდარტებით შემოწმდა შპს „აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის“ ბაზაზე მომუშავე ექიმების ფაქტობრივი სამუშაო გარემო, აღჭურვილობა, სამედიცინო კვლევების ჩატარების უნარები და დოკუმენტაციის წარმოება. წინასასერტიფიკაციო პროცესი ასევე მოიცავდა სერტიფიკატის მაძიებელთა კვლევების ჩატარებისათვის საჭირო ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების შეფასებას. სააგენტოს ავიასამედიცინო შემფასებლის ანგარიშის საფუძველზე, შპს „აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის“ ოთხ ექიმს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი“ 2019 წლის 8 იანვარს დაამტკიცა. ნორმატიული აქტი შემუშავებულია ევროპული N1178/2011 ე.წ. „basic” რეგულაციის შესაბამისად, რომელიც ადგენს ტექნიკურ მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ პროცედურებს სამოქალაქო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისთვის.

წესის მიზანია ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დადგენის, ასევე, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით. რეგულაციის მოქმედება ვრცელდება პილოტზე, პილოტ-კურსანტზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, მეთვალყურე-შეგირდზე, ბორტინჟინერზე, აერნაოსანზე, ბორტრადისტზე, ბორტგამყოლზე, ავიასამედიცინო ცენტრზე და ავიასამედიცინო ექსპერტზე. ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებას, ასევე მათ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.

რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის კატეგორიებს, სერტიფიცირების პირობებს, ავისამედიცინო ცენტრის, ექსპერტის და სააგენტოს უფლებამოსილებებს, ასევე ავიასპეციალისტის მიმართ წაყენებულ სამედიცინო მოთხოვნებს და ვალდებულებებს. ავიასპეციალისტების სამედიცინო სერტიფიკატები, რომლებიც გაცემულია „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანების შესაბამისად, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

რეგულაციის დანერგვის მეორე ფაზის ფარგლებში, სააგენტო ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებას განახორციელებს.