ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამადიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპული N1178/2011 რეგულაციის მიხედვით 2019 წელს შეიმუშავა, შპს „აეროპორტის მრავალპროფილიან პოლიკლინიკას“ რესერტიფიცირება ჩაუტარდა. პროცესი მოიცავდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და ადგილზე ობიექტის ფაქტობრივ შემოწმებას.

სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, ცენტრი ავიასპეციალისტების სამედიცინო კვლევას, ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის, აგრეთვე ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემას ახალი რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებს. ამასთან, ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო სერტიფიკატები თავსებადი გახდება ევროკავშირის მოთხოვნებთან, რაც საქართველოში აღებული მოწმობების აღიარებას შეუწყობს ხელს.

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ მიზანია ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეფასების და ვარგისობის განსაზღვრის, ასევე, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით. რეგულაცია ვრცელდება პილოტზე, პილოტ-კურსანტზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, მეთვალყურე-შეგირდზე, ბორტინჟინერზე, აერნაოსანზე, ბორტრადისტზე, ბორტგამყოლზე, ავიასამედიცინო ცენტრზე და ავიასამედიცინო ექსპერტზე. რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის კატეგორიებს, სერტიფიცირების პირობებს, ავისამედიცინო ცენტრის, ექსპერტის და სააგენტოს უფლებამოსილებებს, ასევე ავიასპეციალისტის მიმართ წაყენებულ სამედიცინო მოთხოვნებს და ვალდებულებებს.

რეგულაციის დანერგვის პირველი ეტაპის ფარგლებში, სააგენტომ ავიასამედიცინო ექსპერტების სერტიფიცირება 2019 წელს განახორციელა. შემოწმდა შპს „აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის“ ბაზაზე მომუშავე საავიაციო ექიმების ფაქტობრივი სამუშაო გარემო, აღჭურვილობა, სამედიცინო კვლევების ჩატარების უნარები და დოკუმენტაციის წარმოება. წინასასერტიფიკაციო პროცესი ასევე მოიცავდა სერტიფიკატის მაძიებელთა კვლევების ჩატარებისათვის საჭირო ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების შეფასებას.

სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრის და ექსპერტების საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.