სამოგზაურო დაზღვევის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნა იზრდება, მნიშვნელოვნად შემცირებულია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა სამოგზაურო დაზღვევის 141 168 პოლისი გაყიდეს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში რეალიზებული იყო 313 923 პოლისი.
სულ საანგარიშო პერიოდში კომპანიებმა სამოგზაურო დაზღვევის სფეროდან 1,755 მლნ ლარის პრემია მიიზიდეს, რაც 1,6–ჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში (2017 წლის I კვარტალში – 2,877 მლნ ლარი).
სამოგზაურო დაზღვევის ბაზრის 33%–ს „იმედი L“ აკონტროლებს, კომპანიამ 0,578 მლნ ლარის პრემია მიიზიდა. მეორე ადგილზე “პსპ დაზღვევაა” 22%-ით, მესამე პოზიციაზე კი 16%-ით “ჯიპიაი ჰოლდინგია.”
საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიებმა 146 336 ლარი აანაზღაურეს.
სამოგზაურო დაზღვევის წილი დაზღვევის სახეობებში მხოლოდ 1,07%-ია. საანგარიშო პერიოდისთვის სადაზღვევო ბაზარზე 17 კომპანია საქმიანობს, სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტს კი მომხმარებელს 15 კომპანია სთავაზობს.