სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ავიაკომპანია South African Airways (SAA) ახალ კერძო ინვესტორს მას შემდეგ ეძებს, რაც მთავრობამ უარყო კონსორციუმ Takatso-ს წინადადება SAA-ს პრივატიზებაზე.

„ჩვენ ვაპირებთ სტრატეგიული ინვესტორის მოზიდვას, სახელმწიფო სრულად არ უნდა ფლობდეს ავიაკომპანიას“, – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლამოლამ. „ამას მოჰყვება SAA-ს იოჰანესბურგის საფონდო ბირჟაზე შესვლა. თუმცა, სახელმწიფო ავიაკომპანიის „ოქროს წილს“ შეინარჩუნებს“.

SAA-მ პირველად 2011 წლის შემდეგ გასული ფინანსური წელი მოგებით დაასრულა. მენეჯმენტი ახლა განიხილავს ბიზნესის გაფართოებას და SAA-ს გლობალურ ბრენდად გარდაქმნის გეგმებს.

2019 წლის დეკემბერში SAA გაკოტრების დაცვის ქვეშ გადავიდა; კომპანიის ვალმა 904 მილიონ დოლარს მიაღწია. შემდგომ კი COVID-19 პანდემიამ გააუარესა ავიაკომპანიის ფინანსური მდგომარეობა. პარალელურად დაიწყო SAA-ს რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავდა ნაწილობრივ პრივატიზაციას. 2021 წლიდან სამხრეთ აფრიკის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს Takatso კონსორციუმთან, რომელსაც სურდა ავიაკომპანიის 51%-იანი წილის შეძენა. თუმცა, გასულ კვირას ხელისუფლება გარიგებიდან გამოვიდა ფასზე უთანხმოების გამო.

აღსანიშნავია, რომ SAA შეიქმნა 1934 წელს. ამჟამად მისი ფლოტი 17 თვითმფრინავს მოიცავს. კომპანიის მენეჯმენტი მის 40-მდე გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავს.