სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში ტურისტების 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის 2024 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ კარგად დაიწყო. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სასტუმროში ტურისტების შემოდინების კუთხით აღინიშნება 15%-იანი ზრდა. ჩვენთვის რაოდენობრივად TOP სტუმრები არიან მეზობელი ქვეყნებიდან, გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. 2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტების ზრდა გვქონდა ასევე ევროპის ქვეყნებიდანაც, თუმცა ევროპიდან დიდი ზრდა ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ არის“, – აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.
მისივე განმარტებით, Pullman Tbilisi Axis Towers-ში ტურისტები საშუალოდ 2-3 ღამით რჩებიან.
„უმეტესად ჩამოდიან ტურისტული მიზნებისთვის, საქმიანი ვიზიტებისთვის და ასევე ბიზნეს შეხვედრებისთვის.
საკონფერენციო დატვირთულობა საკმაოდ აქტიური იყო 2024 წლის იანვარ-მარტში და გეტყვით, რომ მეორე კვარტალში, სამივე თვე ამ მიმართულებით, უკვე გადავსებულია“, – აცხადებს თათია ჩიკვაიძე.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.
იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.