სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი ხელოვნურად ხელი შეუწყოს ქართული ავიაკომპანიების წილის ზრდას საავიაციო ბაზარზე, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი AviaNews-თან ინტერვიუში. ლევან კარანაძე ამბობს, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში, კერძო სექტორი თავად მოქმედებს მომხმარებელთა, ამ შემთხვევაში მგზავრთა და ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

“პანდემიის პირობებში, მსოფლიოში მივიღეთ არაერთი პრეცედენტი, როდესაც მცირე თუ დიდი ავიაკომპანიები ვერ გაუმკლავდნენ კრიზისს და მიღებული კოლოსალური დანაკარგების შედეგად გაკოტრდნენ ან შეწყვიტეს ოპერირება. COVID 19-ი და ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საყოველთაო შეზღუდვები მტკივნეული აღმოჩნდა ქართული სამგზავრო ავიაკომპანიებისთვისაც. საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვაზე წარმოქმნილი მაღალი მოთხოვნის გათვალიწინებით, მათ გარკვეულწილად მოახდინეს არსებულ რეალობასთან ადაპტირება და კარგო ოპერირება დაიწყეს. აქვე დავაზუსტებ, რომ Myway Airlines-ის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის გაუქმების თაობაზე რაც განპირობებულია კონკრეტული დარღვევების აღმოჩენით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სასამართლო დავა და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ავიაკომპანია უფლებამოსილია შეასრულოს ფრენები, თუმცა აქაც უნდა აღნიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანია ოპერირებს სუდანში, ხოლო უშუალოდ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახორციელებს მხოლოდ ჩარტერულ სატვირთო რეისებს. ლიბერალური საავიაციო პოლიტიკის და ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით, სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი ხელოვნურად ხელი შეუწყოს ქართული ავიაკომპანიების წილის ზრდას საავიაციო ბაზარზე. აღნიშნული ვერ იქნება ასევე სახელმწიფოს მიზანი. თავისუფალი კონკურენციის პირობებში, კერძო სექტორი თავად მოქმედებს მომხმარებელთა, ამ შემთხვევაში მგზავრთა და ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით. საავიაციო ხელისუფლების როლი კი არის, იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, დროული და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესთავაზოს გამართული სერვისი, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიის დაშვებას და ა.შ”, აცხადებს ლევან კარანაძე.