ვფიქრობ, სახელმწიფომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო ავიამიმართულებების სტიმულირებითა და მარკეტინგული მხარდაჭერით, – ამის შესახებ APG Georgia- ს დირექტორმა და APG Network -ის ბორდის წევრმა იაკო ხომერიკმა განაცხადა.
მისი თქმით, კერძო სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა იმ პოლიტიკური კრიზისის შედეგად, რაც რუსეთის მიერ ფრენების შეჩერებას მოჰყვა, მათ შორის როგორც ავიაკომპანიები, ასევე ტურიზმის სექტორი.
„შესაბამისად, კერძო სექტორმა დახმარებისთვის მიმართა სახელმწიფოს და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უამრავი შეხვედრა გაიმართა მთავრობასა და საჯარო სექტორს შორის. ამ შეხვედრების შედეგად მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი იყო, რომ ჩარტერული რეისები ან შატლები დანიშნულიყო იგივე ერევნის გავლით, საიდანაც მოხდებოდა რუსეთიდან წამოსული ნაკადის საქართველოში გადმოყვანა. ჩემი აზრით, სახელმწიფომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო ავიამიმართულებების სტიმულირებისა და მარკეტინგული მხარდაჭერის მხრივ“, – აღნიშნა APG Georgia- ს დირექტორმა.
იაკო ხომერიკის განცხადებით, ამ მიმართულებით, სადაც რეალურად კრიზისი წარმოიშვა, კერძო სექტორი თავის მოთხოვნების დაყენების კუთხით იყო ძალიან ობიექტური.
„მთავარია, არ შეილახოს ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯი და ამ მიმართულებით არის სამუშაო. ჩემთვის, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლისთვის, ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული კონკრეტულ ქალაქებში ავიაკომპანიებისთვის მარკეტინგული მხარდაჭერის აღმოჩენა.