ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ის გენერალური დირექტორის შალვა კიკნაძის განმარტებით, მსოფლიოში საჰაერო გზით გადასატანი ტვირთების მოცულობა მზარდია. ის ამბობს, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა არ შემცირებულა, პირიქით. ამ ფონზე კი გადაზიდვების ბაზარზე წარმოქმნილმა მოთხოვნამ, ჯაჭვურად ტარიფების ზრდა განაპირობა.

“IATA-ს მიერ აპრილში გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ოთხ თვეში მსოფლიოს მასშტაბით ტვირთბრუნვა 28%-ით იყო შემცირებული. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ტვირთბრუნვა გაჩერდა. არა. ტვირთების ნაკადი იყო და მოთხოვნაც. უბრალოდ, პანდემიის ფონზე მსოფლიოში სამგზავრო ავიაკომპანიები და ხომალდების უმეტესობა გაჩერდა. იქედან გამომდინარე, რომ სამოქალაქო ავიაციის სამგზავრო საჰაერო ხომალდებით გადაიზიდებოდა ტვირთის საერთო მოცულობის 50-60%-ი, ამ ხომალდების გაჩერებამ გამოიწვია ამ ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოთხოვნის გაჩენა და მათ იმ დროისათვის არსებული სატვირთო ხომალდები ვეღარ ეყო.

ამას დაემატა სამედიცინო ტვირთების ნაკადების ზრდაც, საუბარია პანდემიისგან დასაცავად საჭირო სამედიცინო პროდუქციაზე. შესაბამისად ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა წარმოიქმნა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად ტვირთის გადაზიდვის ღირებულებაც გაიზარდა. შემიძლია გითხრათ, რომ აპრილი-ივნისის პერიოდში ტვირთის გადაზიდვის ტარიფი მინიმუმ 200%-ით იყო გაზრდილი. რეალურად მთელი მსოფლიო ამ სამედიცინო ტვირთების ტრანსპორტირებაზე გადაერთო.

მაგალითად, GEO SKY-მ აპრილ-ივნიში უზრუნველყო ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან თითქმის მთელს ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც. იმ პერიოდში, როგორც იცით ყველაზე მძიმე სიტუაცია იტალიაში იყო და მინდა გითხრათ, რომ იტალიაში სამედიცინო ტვირთების ტრანსპორტირებაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. 

ტვირთებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ არ იყო საჭირო რაოდენობის სატვირთო თვითმფრინავები. მთელმა რიგმა ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ მიზნით სამგზავრო საჰაერო ხომალდები გამოეყენებინათ. მოხდა თვითმფრინავებში სავარძლების დემონტაჟი და ხდებოდა ტვირთის ბორტზე ხელით ჩატვირთვა. თუმცა ავიაციაში მარტივი არ არის, შენი ნებით აიღო რაღაც და გადააადგილო. სწორედ ამ პერიოდში მოუხდათ მწარმოებლებს (ბონგი, ეარბასი) და სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებების წარმომადგენლებს მთელი რიგი პროტოკოლები შემუშავება, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სამგზავრო თვითმფრინავებით მხოლოდ ტვირთის გადაზიდვა. ამ ყველაფერმა კი სატვირთო ხომალდებზე მოთხოვნა გააჩინა. მაგალითისთვის, აშშ-ში დღეის მდგომარეობით აღდგენილია 30-მდე სატვირთო საჰაერო ხომალდი და ისინი დაბრუნებულნი არიან სერვისში. ვგულისხმობ ისეთ საჰაერო ხომალდებს, რომელიც სხვადსხვა დროს და მიზეზებით იქნა გაჩერებული და ჩამოწერილი, ან გამზადებული ჩამოსაწერად. როგორც პარტნიორები მეუბნებიან, აშშ-ში აღარც ერთი ხომალდი აღარ დარჩა, რომლის აღდგენის შანსიც 10%-ია, არ აღადგინეს და ექსპლუატაციაში არ დააბრუნეს. იმ ავიაკომპანიებმა, რომელთაც სამგზავრო თვითმფრინავები გააჩერეს, მაგალითად როგორც ეს Boeing 747-ის შემთხვევაში მოხდა, ხდება ამ თვითმფრინავების შესყიდვა და სატვირთო ხომალდებად გადაწყობა”, აცხადებს  GEO SKY-ის გენერალური დირექტორი.

შალვა კიკნაძე ამბობს იმასაც, რომ არსებული მოთხოვნის ფონზე GEO SKY-სთა გრძელვადიან თანამშრომლობაზე რამდენიმე კომპანია ერთდროულად აწარმოებს მოლაპარაკებებს. 

“იმედი მაქვს, რომ ზაფხულის ბოლოდან ან შემოდგომიდან სიტუაცია დასტაბილურდება და სამგზავრო გადაყვანები აღდგება. შესაბამისად აღდგენა სამგზავრო ხომალდების საბარგულებით გარკვეული ტვირთების ტრანსპორტირებაც. თუმცა მოთხოვნა ძალიან მაღალია. GEO SKY-ს მაგალითზე გეტყვით, დღეს რამდენიმე კომპანიისგან მაქვს შემოთავაზებები 2-3 წლიან კონტრაქტებზე. იგივე ჩინეთიდან ევროპის ან ამერიკის მიმართულებებზე. აქ საუბარი არაა მხოლოდ სამედიცინო პროდუქციაზე. მსოფლიოს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის 90%-ი იწარმოება ჩინეთში. პანდემიის პირობებში ჩინეთს საწარმოები არ გაუჩერებია. ის აწარმოებდა და იქვე ასაწყობებდა. ახლა კი ამ პროდუქციას ჩინეთის გარეთ გატანა სჭირდება. დიდია ტვირთის მოცულობა და შესაბამისად ის გასატანია. მე ახლა ვსაუბრობ მხოლოდ ჩინეთზე და იგივე ხდება აზიის სხვა ქვეყნებშიც და იქედანაც დიდი მოცულობის ტვირთებია გასატანი”, – განაცხადა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, გამართულ ონლაინ საჯარო ლექციაზე GEO SKY-ს გენერალურმა დირექტორმა შალვა კიკნაძემ.