2020 წლის 11 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 20.49%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სამგზავრო გადაყვანებისგან განსხვავებით ნაკლები კლებაა სატვირთო გადაზიდვებში, რაც განპირობებულია იმითაც, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა
2020 წლის იანვარ-ნოემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 18,037.047 ტონა შეადგინა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კი 22,686.677 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 20.49%-ითაა შემცირებული.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა სულ 1,915.925 ტონა ტვირთი გაატარეს, 2019 წლის ნოემბერში კი 1,964.426 ტონა. საანგარიშო პერიოდში კლება 3%-ის დონეზე დაფიქსირდა.
2020 წლის 11 თვეში საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული და რეგულარული რეისებით, სხვადასხვა მიმართულებებზე, კარგო ტვირთებს ემსახურებოდნენ: Geo Sky, Turkish Cargo, Cargolux, Silk Way და TCA.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.