2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 208 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 107 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ი, რომელმაც 2025 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 100 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ჩინური ავიაკომპანია YTO Cargo Airlines-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 2 თვეში 27 რეისს მოემსახურა.
იანვარ-თებერვალში ასევე, 27 სატვირთო რეისი აქვს განხორციელებული თურქულ ავიაკომპანია Turkish Cargo-ს.
დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საჰაერო სატვირთო გაზიდვების ბაზარზე ტვირთბრუნვამ 4,771.765 ტონა შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ია.
TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:
Georgian Airlines;
Geo Sky;
CAMEX Airlines;
YTO Cargo Airlines;
Turkish Cargo;