2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის ოთხი განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 195 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ახალი ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 132 რეისი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ოპერირება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 70 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე თებერვალში 35 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 34 სატვირთო რეისი განახორციელა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.