2021 წლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა. 

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 450 სატვირთო რეისი შეასრულა. 

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქული სატვირთო კომპანია Turkish Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 179 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც იანვარ-დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 146 რეისი განახორციელა. რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელიც  საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 2021 წელს 131 რეისს მოემსახურა. 

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა ბელორუსული სატვირთო ავიაგადამზიდავი Rubystar Airways-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-დეკემბერში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 112 სატვირთო რეისი განახორციელა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.