საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის კვლავ ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს. ორგანიზაციამ ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 3%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება. ესენია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო. EUROCONTROL-ის მონაცემებით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.