რაც შეეხება აპლიკაციებს და როგორ უნდა ისარგებლოს მოსახლეობამ აღნიშნული სტატუსით. ეს რეგულაცია გაფართოვდა და შესაბამისად, აქამდეც მოქმედებდა და ის მოქმედებდა სპეციალური ვებ-გვერდის მეშვეობით – covidpass.moh.gov.ge, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. “მწვანე პასპორტებზე” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია სტატუსი მუდმივად თან ატაროს სმარტფონების მეშვეობით.
“იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. ასევე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. 1-ელ დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და იქნება საშუალება იმისა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან და შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან აღნიშნული ე.წ. “მწვანე პასპორტის” სტატუსი გაფართოვდება და უფრო ვრცლად იმუშავებს”, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან გაფართოვდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და მისი მოქმედების არეალი.
“პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ პირებისთვის.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, ღია და დახურული სივრცეები ამ ობიექტების, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზები; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, 18 წლიდან იმოქმედებს ეს რეგულაცია“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.