პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება იგეგმება, მათ შორისაა ახალი აეროპორტი.

“მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა… შემოდგომაზე. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ახალი აეროპორტი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს რეგიონში, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.