„დღეს საბიჰა გოქჩენის აეროპორტი მესამე აეროპორტია [თურქეთში] ყველაზე მაღალი სამგზავრო ტრაფიკით სტამბოლისა და ანტალიის აეროპორტების შემდეგ“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მეორე ასაფრენი ბილიკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

პრეზიდენტის თქმით, „2021 წელს აეროპორტმა მიიღო 25 მილიონი მგზავრი, დაახლოებით 181 ათასი რეისით შიდა და საერთაშორისო მარშრუტებზე, 2022 წელს კი ამ რიცხვმა 31 მილიონ მგზავრს მიაღწია“.

„ახალი ასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციაში გაშვებით, საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 85 მილიონზე მეტი მგზავრის მიღებას შეძლებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. მანვე დაამატა, რომ „აეროპორტი წლის ბოლომდე 37 მილიონ მგზავრს მიიღებს, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 63 მილიონს მიაღწევს“.

„ზოლის სიგრძე, რომელიც გააორმაგებს სიმძლავრეს, არის 3540 მეტრი. ასევე არის 3 პარალელური სატრანსპორტო გზა. კონკურენტებთან შედარებით, ჩვენს აეროპორტს აქვს ძალიან მოწინავე ბაქანი“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

„მაქსიმალური ტევადობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გამოვიყენებთ ახალ ბილიკს დასაფრენად და ძველ ბილიკს ასაფრენად. შესაბამისად სიმძლავრე გაორმაგდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

საბიჰა გოკჩენის აეროპორტი არის ორი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთი, რომელიც ემსახურება სტამბოლს. იგი მდებარეობს ქალაქის აზიურ ნაწილში, ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 35 კილომეტრში. აეროპორტს თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ნაშვილები ქალიშვილისა და ქვეყნის პირველი სამხედრო მფრინავის ქალის სახელი ეწოდება.