საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში.
იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა.
ქართული კომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა ძირითადად ოთხ მიმართულებას გააერთიანებს – AeroConsulting, AeroTravel, AeroGSA და AeroProMan.
„ვფიქრობ, რომ ავიაციის დარგში ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, რათა სფერო კიდევ უფრო წინ წავიდეს. რაც შეეხება Aero Georgia Group-ს ეს არის საავიაციო კომპანია, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება საავიაციო სექტორის კიდევ უფრო განვითარება, როგორც საქართველოში ისე კავკასიის რეგიონში.
ეს იქნება ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ რამდენიმე კომპანიას გააერთიანებს. სახელი Aero Georgia Group-ი მიზანმიმართულად შეირჩა, რადგანაც სამომავლოდ ყველა ჩვენი საქმიანობის დასახელება სიტყვა Aero-თი იქნება დაწყებული და ის გახდება ერთგვარი ბრენდი.
დღეისათვის გვაქვს ოთხი მიმართულება – AeroConsulting, AeroTravel, AeroGSA და AeroProMan.
საკონსულტაციო მომსახურება – AeroConsulting – ჩვენ გავუწევთ კონსულტაციებს საავიაციო და ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიებს. თუმცა, ვინაიდან, ჩვენი ექსპერტები, რომლებიც აქ შევიკრიბეთ, წარმოვადგენთ საავიაციო სფეროს, აქცენტს მაინც საავიაციო მიმართულებაზე გავაკეთებთ. ჩვენ კონსულტაციებს გავუწევთ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს.
საქართველო შედარებით პატარა ბაზარია. აქ არის რამდენიმე მოთამაშე, თუმცა მხოლოდ საქართველოთი არ შემოვიფარგლებით და გავალთ მთლიან რეგიონზე. სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე გვყავს პარტნიორები.
როგორც იცით, ჩვენ ჩართულნი ვართ CAREC-ის პროგრამაში, რომელიც აერთიანებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ჩინეთს, პაკისტანსა და საქართველოს. გვინდა, რომ ამ ქვეყნებსაც გავუწიოთ კონსულტაცია, რადგანაც საქართველო არის მართლა მოწინავე და წარმატებული ქვეყანა საავიაციო სფეროში და გვინდა, რომ ეს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ იმ ქვეყნებს, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად ევრორეგულაციების დანერგვა სურთ, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ. საქართველოს წარმატებული მაგალითი, იგივე ლიბერალური პოლიტიკა, რაც ჩვენს გვაქვს იმ ქვეყნებსაც გავუზიაროთ.
მეორე მიმართულებაა ტურიზმი – AeroTravel – ჩვენ სამომავლოდ ჩამოვყალიბდებით, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ტუროპერატორი, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე.
მესამე მიმართულება იქნება ავიაკომპანიებს წარმომადგენლობა – AeroGSA – ჩვენი კონტაქტების საფუძველზე შევეცდებით, რომ ახალი ავიაკომპანიები დავაინტერესოთ და შემოვიყვანოთ საქართველოში.
ამ შემთხვევაში ჩვენი უპირატესობაა გუნდი და მისი გამოცდილება. ჯერჯერობით პატარა გუნდი ვართ, მაგრამ რაღაც ეტაპის შემდეგ მნიშვნელოვნად გავიზრდებით. თუმცა ჩვენს გუნდს ავიაციის სფეროში საშუალოდ 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მეორე, ეს არის ის კონტაქტები, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა არამხოლოდ საქართველოში, ისე მთელს რეგიონსა და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
მეოთხე მიმართულება კი იქნება პროექტები მართვა – AeroProMan – ამ მიმართულებით მართლაც საინტერესო პროექტები და იდეები გვაქვს, რომელზედაც მალე დავიწყებთ მუშაობას. პროექტების ნაწილი სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ასევე არის იდეების ნაწილი, რომელიც ინოვაციურია. სიმართლე, გითხრათ, ერთი ისეთი პროექტიცაა, რომელსაც შესაძლოა, ანალოგიც კი არ ჰქონდეს, მინიმუმ ჩვენს რეგიონში“, – აცხადებს იგორ აფციაური.