საავიაციო სატვირთო კომპანია Lasare (International Air Cargo Terminal) აცხადებს, რომ ტვირთბრუნვის საგრძნობი და კანონზომიერი ვარდნის მიუხედავად, საავიაციო ტვირთების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში Lasare-მ StopCov ფონდში 30 000 ლარი შეიტანა.
“COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში და მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩვენი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, Lasare აგრძელებს მუშაობას 24-საათიან რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, სადეზინფექციო სამუშაოებისა და პერსონალის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფის ჩათვლით. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და დაგვეხმარონ არსებული სირთულეების ერთობლივად დაძლევაში.
შექმნილი ვითარების ფონზე, ტვირთბრუნვის საგრძნობი და კანონზომიერი ვარდნის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ავიატვირთების მომსახურებას 24/7 რეჟიმში. ამასთან, თანამშრომლების ერთი ნაწილი გადავიდა ონლაინ მომსახურების რეჟიმზე, ნაწილი კი გაშვებულია კუთვნილ შვებულებაში სრული ხელფასის შენარჩუნებით.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენ თითოეულ თანამშრომელს ერთგულებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.
Lasare-მ უკვე გადარიცხა თანხა „StopCov ფონდი“-ს ანგარიშზე, საქართველოში უხილავ მტერთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად.
კოორდინირებული მუშაობით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს”, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.