საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა და სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს, საავიაციო ინდუსტრიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ის ფიზიკური და იურიდიული პირები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ გეოდეზიურ სამუშაოებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეხვედრის მონაწილეებს გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული და სააგენტოს მიერ შემუშავებული „სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის“ პროექტი გააცნეს.

პროექტი შედგენილია ევროპული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია ფრენების უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესება საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების გზით. ნორმატიული აქტი მოიცავს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიის მდებარეობისა და ორიენტირების, ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სამიმოსვლო ბილიკის, სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების და ქვეყნის მასშტაბით არსებული საავიაციო დაბრკოლებების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. წესის მოქმედება გავრცელდება ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ სამუშაოებში – დამკვეთის ან შემსრულებლის სახით.

ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწვეულმა EUROCONTROL-ის ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს „ჰაერსანაოსნო მონაცემების შექმნის სპეციფიკაციის“ (EUROCONTROL Specification for the Origination of Aeronautical Data) შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტით და სხვა ევროპული რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები და პრაქტიკული ასპექტები გააცნო.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს დამკვეთის და შემსრულებლის უფლება-მოვალეობები გეოდეზიური სამუშაოების შესრულების დროს.

„სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის“ ამოქმედება მიმდინარე წელს იგეგმება.