Bloomberg-ის უახლესი მიმოხილვის თანახმად, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები საჰაერო ტრანსპორტის სექტორში ქაოსს იწვევს. ავიაკომპანიები იძულებულნი არიან, სახიფათო საჰაერო სივრცეებს გვერდი აუარონ, რაც მგზავრებისთვის ფრენების მასობრივ გაუქმებას, ტარიფების ზრდას და გაურკვევლობას ნიშნავს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აზიასა და ევროპას შორის მიმოსვლის კუთხით, სადაც ახლო აღმოსავლეთის ჰაბები გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ყურის ქვეყნების წამყვანი გადამზიდავები, რომლებიც აქამდე მომსახურების მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდნენ, იძულებულნი არიან, წინასწარი შეტყობინების გარეშე გააუქმონ რეისები. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მგზავრებს ზედმეტად დაჯავშნილი (overbooked) თვითმფრინავებიდან სვამენ ალტერნატივის შეთავაზების გარეშე.

ჰორმუზის სრუტეში საწვავის მიწოდების შეფერხებამ ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდა. ვინაიდან საავიაციო საწვავი ავიაკომპანიების ხარჯების დაახლოებით 30%-ს შეადგენს, ეს მყისიერად აისახება ბილეთების ღირებულებაზე. ექსპერტების პროგნოზით, მიმდინარე წელს ფასების კლებას არ უნდა ველოდოთ.

სინგაპურში გამართულ ავიაციის ფორუმზე (Aviation Festival Asia) ოპტიმიზმი პესიმზმმა შეცვალა. კომპანიების უმეტესობამ აკრძალა არააუცილებელი მივლინებები, ხოლო სექტორის ლიდერები აცხადებენ, რომ ინდუსტრია გადავიდა გადარჩენის რეჟიმში, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში სტაბილურობის ნიშნები არ ჩანს.

კონფლიქტი მხოლოდ ავიაციაზე არ ახდენს გავლენას. ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ქვეყანაში ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა უზრუნველყოს საწვავის მარაგი და სუბსიდიები. არსებობს რეალური საფრთხე, რომ საწვავის დეფიციტის გამო ფილიპინების კომერციული რეისები საერთოდ შეჩერდეს. ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან აზიის სხვა ლიდერებიც, რომლებიც ნავთობის ფასების ზრდასა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებას ებრძვიან.

ტურიზმის სექტორიც ზარალდება – მაგალითად, ტაილანდში ლუქს კლასის სასტუმროები იძულებულნი არიან ფასები შეამცირონ, რადგან ომის გამო ტურისტული ნაკადები მკვეთრად შემცირდა. სპეციალისტები მგზავრებს ურჩევენ, მოერიდონ ახლო აღმოსავლეთის აეროპორტებში ტრანზიტს და მზად იყვნენ პირდაპირი რეისებისთვის გაცილებით მეტი გადაიხადონ.